top of page
1N6A3385.JPG

ჩვენი ისტორია

ქვევრების იდეის უკან დგას ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა ღრმად სიმბოლური იდეა - ჩვენი სურვილი იყო, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობის კულტურის უძველესი სიმბოლო ქვევრი, გვექცია უნიკალურ სივრცედ, რომელიც სტუმრებისთვის გახდება არა მხოლოდ დასასვნებელი ადგილი, არამედ დაუვიწყარი  გამოცდილება.

ჩვენ შესახებ

ჩვენ ოჯახს ფესვები კახეთში აქვს და ბევრმა ჩვენგანმა ბავშვობა სწორედ კახეთის  ვენახებში გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ იდეა დიდი ხნის წინ დაიბადა, მხოლოდ 2018 წელს, როდესაც პირველად წავაწყდით სოფელ შალაურის გულში განსაცვიფრებელ ადგილს (და დაგვიჯერეთ როდესაც ვამბობთ, რომ მარტო ფოტოებით ვერ გადმოგცემთ ამ ადგილის ჭეშმარიტ სილამაზეს), საბოლოოდ გაგვიჩნდა შანსი, რომ ეს ოცნება რეალობად გვექცია.  ოჯახის თითოეული წევრის ძალისხმევითა და შრომით შევძელით შეგვეძინა საოცნებო ნაკვეთი და დავიწყეთ მისი გარდაქმნა ადგილად, სადაც კახეთში ყოფნის დროს სტუმრები დასვენებასა და უძველესი ქართული ტრადიციების შეცნობას შეძლებდნენ.

ოცნების რეალობად ქცევა

2019

იდეიდან განხორცილებამდე  გზა  მარტივი არ იყო. ღრმად ვაფასებთ ჩვენი არქიტექტორის მერაბ გუჯაბიძის შრომას. დიდი კრეატიულობა და ინოვაციური მიდგომა იყო საჭირო იმ სტრუქტურების ასაგებად, რომელიც ჩვენი სასტუმროს უნიკალური ელემენტის- ქვევრების, ქართული მეღვინეობის სიმბოლოს იმიტაცია გახდა.
2019 წლის ბოლოს საქართველოს ბანკისა და Enterprise Georgia-ს მხარდაჭერით ჩვენმა ოჯახმა შეძლო საკმარისი საინვესტიციო სახსრების მოზიდვა და მშენებლობის დაწყება. სამწუხაროდ გლობალურმა პანდემიამ ბევრი დაბრკოლება შექმნა- ერთ წელზე მეტი დროით პროექტის შეჩერება, სამშენებლო მასალებზე და სასტუმროს ინვენტარზე ფასების ზრდა, უსაფრთხოების ყველა პროტოკოლის დაცვით მშენებლობის  შეჩერება თუ განახლება და სხვა.
მიუხედავად ამისა ჩვენ არ დავნებდით. 

2023

ჩვენმა ოჯახმა გული და სული ჩადო პროექტის რეალობად ქცევაში, 5 წლისა და დაუღალავი შრომის შემდეგ,  2023 წლის 5 სექტემბერს   ჩვენ საბოლოოდ გავხსენით ჩვენი სასტუმროს კარი პირველი სტუმრებისათვის.
სასტუმრო ქვევრები აშენდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დადგენილ უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში.
გაგვიმართლა, რომ შევკრიბეთ ყველაზე ნიჭიერი და თავდადებული გუნდი, რომელიც დაგვეხმარებოდა სასტუმროსა და რესტორნის მართვაში.   2024 წელს ჩვენი გუნდის პროფესიონალი თანამშრომლების დამსახურებით მოვიპოვეთ  Booking.com-ის Traveller Review Award 2024 ჯილდო.

რას გთავაზობთ

სტუმრებს მთავარ შენობაში სასტუმრო ქვევრების მისაღები დახვდებათ, ასევე შენობაში განთავსებული 17 ოთახი. სასტუმროს ტერიტორიაზე მიმოფანტულია ქვევრის ფორმის 20 ოთახი (კოტეჯი). ქვევრები განლაგებულია საქართველოს რუკის მიხედვით და ყველა ოთახს შესაბამისი კუთხის  ვაზის ჯიშის სახელი ეწოდება. მთავარ შენობაში ასევე განთავსებულია რესტორანი ამფორა, რომელიც გთავაზობთ ევროპული და ქართული კერძების მრავალფეროვნებას და ქართული ღვინის ფართო არჩევანს. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე დაგხვდებათ საკონფერენციო სივრცე, ბარი, ღია აუზი ულამაზესი კავკასიონის ხედებით, სპა და საუნა, საბილიარდო, მაგიდის ჩოგბურთი და მინი ფეხბურთის მაგიდა, მასტერკლასების სივრცე ღვინის დეგუსტაციისათვის და საწნახელი.

bottom of page